ბენჩმარკ AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი. Xiaomi-ს გეიმინგ მოდელი კვლავ ჩამონათვალის ლიდერია და კონკურენტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.
საუბარია ერთკრისტალიან სისტემა Snapdragon 888+-ზე მომუშავე Xiaomi Black Shark 4S Pro-ზე. მიმდინარე წლის ნოემბრის შეჯამებით 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციამ 875 382 ქულის მოგროვება შეძლო. ჯერჯერობით ეს გახლავთ ბენჩმარკის რეკორდი, თუმცა მალე ბაზარზე გამოვა ახალი თაობის ფლაგმანები ჩიპით Snapdragon 8 Gen1, რომლებიც 1 მილიონ პუნქტზე მეტის მოგროვებას შეძლებენ.
მანამდე კი ლიდერობენ მოწყობილობები SoC Snapdragon 888+-ით. მეორე ადგილზეა მოდელი კვლავ ამ მობილური პლატფორმით და ეს არის გეიმინგ სმარტფონი Nubia Red Magic 6S Pro – 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სხვაობა 23 ათას ქულას შეადგენს.
მესამე ადგილზეა iQOO 8 Pro. ეს არის ჩინურ კომპანია Vivo-ს სმარტფონი, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც გეიმინგ სმარტფონი, თუმცა გარეგნულად ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ტესტებში თავი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ვერსიამ 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888+-ით. 846 663 ქულით სმარტფონი მესამე ადგილზეა.
ტოპ-ათეულში სულ მოხვდა ხუთი სმარტფონი პროცესორით Snapdragon 888+. ზემოთხსენებული სამი სმარტფონის გარდა კიდევ ორი მოხვდა მეხუთე და მეექვსე ადგილებზე. ესენია vivo X70 Pro+ 12 გბ და ASUS ROG Phone 5s – 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველმა ფლაგმანმა მოაგროვა 835 275 ქულა, მეორემ – 831 627.
მეოთხე ადგილზე შემცირებული სიხშირის მქონე ერთკრისტალიანი Snapdragon 888 პროცესორის გამოყენების მიუხედავად მოხვდა Xiaomi Black Shark 4 Pro 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 837 792 ქულით.
Snapdragon 888 ჩიპზე მომუშავე შემდეგი მოდელი iQOO 8 მეშვიდე ადგილზეა 829 916 ქულით. ამავე პროცესორის მქონე გეიმინგ სმარტფონი Lenovo Legion 2 Pro მერვე ადგილზეა 10 ათასით ნაკლები ქულით. ათეულს ხურავენ OPPO Find X3 Pro და Realme GT. მათაც აქვთ Snapdragon 888, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა – 12 გბ. OPPO-ს ფლაგმანმა Realme 200 ქულით ჩამოიტოვა.